სუს-მა “ბილდინგ დეველოპერის” დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი დააკავა.

კომპანიის მფლობელის შესახებ სიუჟეტი „შაბათის კურიერმა“ მოამზადა, რომლის ეთერში გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე სიხუაშვილი დააკავეს.

კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რეგიონებში გაზისა და წყლის გასაყვანად მიიღო, თუმცა ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა.

კომპანიის ხელმძღვანელი სხვისი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზეა დაკავებული. კერძოდ, როგორც ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, ალექსი სიხუაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შეასრულა.

მას უნდა განეხორციელებინა წყლის ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაო არასათანადოდ შეასრულა და თაღლითურად, საბიუჯეტო სახსრები მიითვისა.

“შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის ოდენობით”, -აცხადებს უწყება.

ალექსი სიხუაშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.