ბიჭი, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორტანეთის გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან ,,გურული დღიურების ფონდის” სტიპენდიატია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
,,ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო ,,გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიატია”,- ამბობს კეკელიძე.
მანამდე მან ბიჭის ფოტო ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე განათავსა.