გიგი ანთაძე საზოგადოებას კარგად ახსოვს. 15 წლის ბიჭი რუსთაველის გამზირზე ნივთებს ყიდდა. ქალაქის მერმა კახი კალაძემ 1 წლის წინ მას მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა, სადაც მოზარდმა წვენების გაყიდვა დაიწყო. მალევე „გიგის წვენების” ჯიხური ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. მოიპარეს თანხა და წვენსაწური.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც პატარა ბიზნესმენი დღეს მეტროში მოწყალებას ითხოვს.
“მისი პატარა ბიზნესი რომელსაც მისთვის შემოსავალი მოჰქონდა, “კეთილმა” მერმა ისეთ ადგილას გადაუტანა პერსპექტივა რომ არ ექნებოდა. მერე გაუქურდეს კიდეც “მოხერხებულებმა”, ესეც იმაზე მეტყველებს რომ იქ არაფერია დაცული, გუშინ კი მეტროში ის მოწყალებას ითხოვდა, მოძრავ მატარებელში ისე უჭირდა გადაადგილება მგზავრების ნახევარი მის დასახმარებლად ვმობილიზდით, ზოგი ფულს ვკრეფდით რომელიც მუდმივად ძირს უცვიოდა, ზოგი ჯოხს, ზოგს ის თავად ეჭირა რომ არ წაქცეულიყო. ყველამ იცნო და ასე ერთად ხელგაშლილი ამდენი ხალხი აღარ მინახავს. ჩემი ძმისთვის ვაგროვებ ფულსო. რადიო და ჩანთა ჰქონდა ცოტას გაგართობთო რადიო ჩართო. მისი გასვლის შემდეგ ერთი გოგონა სახეს მალავდა, მაგრამ დავინახე ჩანთაში სადაც ხელსახოცს ეძებდა ცრემლები ჩაუცვივდა. მისი ვითომ ხელისშეწყობა ასე დიდი ზარზეიმით აღნიშნა კახი კალაძემ”-წერს სოციალურ ქსელში პირი, რომელიც ბიჭის ფოტოებს ავრცელებს.
ფეისბუქმომხმარებელმა პოსტი რამდენიმე საათში წაშალა, თუმცა ის ჩვენთან საუბარში აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს. გიგი ანთაძის დედამ კი განმარტება გააკეთა. თათო გვარიშვილმა სოციალურ ქსელში მისი შვილის მიმართ გამოხატული გულისტკივილი კახა კალაძის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა მერიის წვლილი მისი შვილის დახმარების საქმეში. მშობელმა განმარტა, რომ მისი შვილი ქუჩის მუსიკოსობით დაინტერესდა და ის რაც საზოგადოების ნაწილმა მეტროში იხილა, მისი შვილის ახალი გატაცებაა და არა მათხოვრობა.