“ბავშვს თავი აქვს გადახსნილი” – გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გლდანის ციხეში შემოაკვდათ. გასულ კვირას ოჯახს, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულის გათავისუფლებას დღევანდელ პროცესზე ელოდა, დაურეკეს და უთხრეს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი 37 წლის გოგიტა ჯავახიშვილი გარდაცვლილია და ის უნდა გადაასვენონ.
ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პატიმრის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა, ოფიციალურ ვერსიას არ ენდობდა ოჯახი. ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარი ბადრაგს ცემის დროს შემოაკვდა.
“თავზე რომ სისხლი გამოსდის, ეგ კი დავინახე, გაჟღენთილიც არის ტახტი,” – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ჯავახიშვილების ოჯახი 25 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტს მოსამართლე იძულებით მკურნალობის მოტივით გლდანის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გადაიყვანდა. პროცესამდე ერთი დღით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ გოგიტა ჯავახიშვილი ცოცხალი აღარ იყო.
“მთლიანად არის გადახსნილი ბავშვი, თავი აქვს გადახსნილი, ბეჭებზე დალურჯებული აქვს”, – ამბობს ნათესავი.
საქმეში რამდენიმე საეჭვო გარემოებაა. ჭირისუფლები “კურიერთან” ყვებიან, რომ ცხედრის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს ძალადობის ნიშნები თავისა და ზურგის არეში. მათივე მტკიცებით, სხეულზე არსებული გვამური ლაქები მეტყველებდა იმაზე, რომ გოგიტა ჯავახიშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს გვიან შეატყობინეს.
“ვერსიები ბევრია, შეიძლება სცემეს, წინა დღით გარდაცვლილა, გავიგეთ, ყველაფერი არის და არსებობს. მეორე დღეს გვეუბნებიან, დღეს დილით გარდაიცვალაო, ეგ რაღა მოსატყუარია, როცა გარდაიცვალა, მაშინვე ეთქვათ. თითები გაშავებული, ფრჩხილები, გაუბედურებულია,” – ამბობს ნათესავი.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი პოლიციამ მაისში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დააკავა. მას შემდეგ დაკავებული აღარავის უნახავს. აღკვეთი ღონისძიებაც დაუსწრებლად შეეფარდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ჯერ სხვა პატიმრებთან ერთად ჰყავდათ, კონფლიქტის გამო კი სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული 6 თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა და ხორციელდებოდა მეთვალყურეობა, თუმცა დილით საკანში შესული მეთვალყურეებს ჯავახიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
დაზარალებული ოჯახის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. 37 წლის მამაკაცს ხვალ დაკრძალავენ.