“ბიზანტია ამიტომ დაინგრა”- სასულიერო პირები ლგბტქ პრაიდს ეწინააღმდეგებიან

“ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?!”- განაცხადა დეკანოზმა, მედიაცენტრ “მთავარში”  ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

სასულიერო პირები პრაიდის ჩატარებას ეწინააღდეგებიან და მიიჩნევენ, რომ კვირეული არ უნდა ჩატარდეს.

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. სოდომი და გომორი ამით დაიწყო.ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

“ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ,“- დეკანოზი დავით ნოზაძე.

სასულიერო პირების განცხადებით, ისინი აპირებენ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ,  ნაცვლად იმისა რომ ჩატარებაში დაეხმაროს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები.

ლგბტქ პრაიდის კვირეული თბილისში 18 ივნისს დაიწყება და 1 კვირა გაგრძელდება. პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.