,,კანონი კრძალავს ბლოკირებას. ბლოკირებას პიკეტირებასა და სირცხვილის კორიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის”,- ასე ეხმიანება გიგი უგულავა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პიკეტირება მიუღებელია და მას კანონის ფარგლებში რეაგირება მოყვება.
უგულავას განცხადებით, ხვალ პიკეტი იქნება, მომავალში კი აქციები და პიკეტირება გაგრძელდება მანამდე, სანამ საზოგადოება პროპორციულს მიიღებს.
„მინდა ბატონ კალაძეს, სამწუხაროდ უწიგნურს, ვუთხრა, რომ ბაქიბუქობს და კანონის ძალით ვიმოქმედებთ. ძალიან რთული და ცუდია, როდესაც უწიგნურ და ამავე დროს უტიფარ ადამიანს აქვს ძალაუფლება. შევახსენებ ბატონ კალაძეს, კანონი კრძალავს ბლოკირებას, ბლოკირებას, პიკეტირებასა და სირცხვილის კორიდორებს შორის იმხელა განსხვავებაა, რამხელაც კალაძესა და სპინოზას შორის მინიმუმ. აქედან გამომდინარე, ხვალ იქნება პიკეტი, მერეც იქნება პიკეტები და აქციები, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდება იმით, რომ ჩვენ მივიღებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, საზოგადოება მიიღებს დანაპირებს, მანამდე ბუნებრივია საპროტესტო მოძრაობა იქნება, მოსწონს ეს ივანიშვილს თუ არ მოსწონს”,- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.
მისივე თქმით, აქციების პარალელურად მთავრობასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
,,დიდი აქციების პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკებები და მოლაპარკებებისთვის ბუნებრივია ეს არის წნეხი. ეს წნეხი და გარე სამყაროს წნეხი არის ჩვენს ხელთ არსებული ლეგიტიმური საშუალებები. მათი პასუხი არის ყოვლად უკანონო, ეს არის დარბევა ეს არის დაპატიმრება, ეს არის რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის მონგრევა”,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ხვალ საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ.