ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემა “მთავარ აქცენტებში“ ჩართვისას საქართველოს ექსპერიზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს, გიგა ბოკერიას მათი ხელისუფლების “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დასდო ბრალი.“
კითხვაზე, რომელიც ევროპულ საქართველოსთან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას ეხებოდა სააკაშვილმა ბოკერიას კრიტიკით უპასუხა.
“რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები. აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები.მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას ესეა. ვატარებ ჯვარს ეს არის ჩვენი ფასეულობები. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული ფასეულობებისგან. ეს არის რეალობა.“
გვარამიას კითხვაზე, კონკრეტულად როდის გააკეთა ეს ბოკერიამ, სააკაშვილი პასუხობს:
“მთელი ეს წლები. ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების მიმართ, ქართული ფასეულობების მიმართ.ჩვენი ფასეულობების, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი და ქართველი ხალხისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესი.ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში. ბოკერია არის ყველაფერი ის, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.“
გადაცემის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ სააკაშვილს შეახსენა, რომ ქართული მარში, ირმა ინაშვილი და სხვა ანტიდასავლური ძალები სწორედ ასეთ ბრალდებებს უყენებენ მას და ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილი პარაქტიკულად მათ ანტიდასავლურ, პოპულისტურ რიტორიკას იმეორებს. ამაზე სააკაშვილი პასუხობს:
“ჩემს წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით. ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი ტრადიციებით, მარტო ეკლესიებში არ არის საქმე. და არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის. რას ნიშნავს პოპულისტური. დასავლეთი დგას ოჯახურ , ტრადიციულ, რელიგიურ ფასეულობებზე.
ევროპულ საქართველოში არის ბევრი კარგი ადამიანი, ვისთანაც ვითანამშრომლეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. გავაგრძელებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. კონკრეტულად ბოკერიაზე გიპასუხეთ. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხდარიყო გაუცხოება ჩვენი მოქალაქეების ჩვენთან. “
კითხვაზე, რატომ აძლევდა ამის შესაძლებლობას ბოკერიას სააკაშვილი პასუხობს:
“შეცდომები ვის არა აქვს დაშვებული.“