რუსეთისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”, ვენესუელასთან დაკავშირებით ბრალდებებს არ მივიღებთ – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა. ელიოტ აბრამსმა ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე რუსეთის წარმომადგენლის განცხადებებს უპასუხა.
“სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი და ასევე უკრაინის ტერიტორია – ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით”. რაც შეეხება ვენესუელას, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ. რუსეთის დახმარება კი განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის”.