ბრალდებულმა პირადი ცხოვრების კადრები Youtube-ზე Like-ების მოსაგროვებლად ატვირთა

ბრალდებულმა პირადი ცხოვრების კადრები Youtube-ზე Like-ების მოსაგროვებლად ატვირთა-ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით გუშინ, აჭარის რეგიონში 18 წლის პირი აიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი ლევან დავითაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოკადრები Youtube-ზე Like-ების დასაგროვებლად ატვირთა და არანაირი სხვა ინტერესი არ ჰქონია.

„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი ან სხვა რაიმე მიზანი არ ჰქონია” – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, დაკავებულს შეტყობინების სახით მიუვიდა აღნიშნული ვიდეოკადრები, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა.

„ამას ედავება ამჯერადაც პროკურატურა, რომ მან ნახა ეს შეტყობინება და შესაბამისი ფორმით არ გააკეთა განაცხადი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი 18 წლისაა, რთულია, მას მოეთხოვებოდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება იმ თემატიკის ირგვლივ, რომელსაც შესაძლოა ვერც აღიქვამდეს დანაშაულებრივად” -აცხადებს დავითაია.