ბრალი წარედგინა პირს, რომელიც მოქალაქეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაემუქრა-შსს

შსს-ს ცნობით, ქობულეთში ბრალი წარედგინა პირს, რომელიც მოქალაქეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაემუქრა. მუქარის ფაქტზე გამოძიება 2019 წლის 22 მაისს დაიწყო.

“საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან.

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნითშეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.