ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
„როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა.
სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.
პარალელურად, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც. დასავლური მედიის ცნობით, 38 წლის ქალი სალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. როგორც ცნობილია, პაციენტი უახლოეს წარსულში იტალიას სტუმრობდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი, 139 კი ინფიცირებულია.
საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.