ბრიტანელ გოგოს, რომელიც თავს ბიჭად ასაღებდა გოგოებზე სექსუალური ძალადობისთვის 8 წელი მიუსაჯეს

სასამართლომ ლონდონის მცხოვრებ 21 წლის ჯემა უოტსს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სექსუალური დანაშაულისთვის ოთხი მსხვერპლის მიმართ, რომელთა ასაკი 13–დან 16 წლამდეა. ჯემა უოტსი სოციალურ ქსელებში თავს 16 წლის ბიჭად, ჯეიკ უატონად ასაღებდა, რომ გოგოები გაეცნო.

ის საკუთარ ფოტოებს იყენებდა, თუმცა გრძელ თმას ბეისბოლის ქუდში მალავდა, ატარებდა ფართე შარვალს და კაპიუშონს.
“ჯეიკი“ სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ დაქროდა სკეიტბორდით და სკუტერით. როცა მოზარდი გოგონები “ულაიქებდნენ“ ფოტოებს და ვიდეოს, “ჯეკი“ მათ საუბარს უბამდა და კომპლიმენტებს არ იშურებდა. მიმოწერაში აქტიურად იყენებდა მოზარდების სლენგს და ნახევრად შიშველ ფოტოებს უგზავნიდა გოგოებს, შემდეგ კი არწმუნებდა რომ შეხვედროდნენ.

სასამართლოში ჯემა უოტსმა ბრალი აღიარა ოთხი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების ექვს ეპიზოდში. არასრულწლოვანთა ასაკი 13–16 წელია.
ყველა მსხვერპლი დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობა ქონდათ მოზარდ ბიჭთან. ბევრისთვის ეს ურთიერთობების პირველი გამოცდილება იყო. მათ მხოლოდ პოლიციისგან გაიგეს, რომ ჯეიკი სინამდვილეში ჯემა იყო.

სკოტლანდ იარდი ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი 20–50 ადამიანი იყოს.

ჯემა უოტსი იმდენად წარმატებით ასაღებდა თავს პატარა ბიჭად, რომ მსხვერპლთა მშობლებს ჯეიკის როლით ხვდებოდა.მან თითქმის მოახერხა ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის გასულელება.
2018 წლის ოქტომბერში როცა მოზარდი გოგონას მშობლებმა პოლიციაში შვილის დაკარგვის შესახებ განაცხადეს და პოლიციის თანამშრომლებმა გოგონა მატარებელში “ჯეიკთან“ ერთად იპოვნეს, ოფიცრები აპირებდნენ “ჯეიკი“ ლონდონში, სახლში დედასთან წაეყვანათ, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ საქმე ქონდათ ახალგაზრდა ქალთან – ჯემა უოტსთან.

პოლიციის თანამშრომლის, ფილიპა კენრაიტის თქმით, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ჯემი უოტსის ქმედებებმა მისი მსხვერპლებისთვის მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა. ორმა დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა.

სასამართლოში წაიკითხეს 14 წლის მსხვერპლის მიერ დაწერილი განცხადება, რომელშიც გოგონა ყვებოდა, რომ მისი გული განადგურებული.
“ჩემთვის სამყარო გაჩერდა. ვერ ვსუნთქავდი, იმდენად ძლიერ მიყვარდა ის“– წერდა გოგონა.

საქმის პროკურორმა სასამარლოთზე განაცხადა, რომ ერთ–ერთ მსხვერპლს ეგონა ჯეიკის გენიტალიებს ეხებოდა, თუმცა როგორც ჩანს სინამდვილეში ეს იყო ერთმანეთში გამონასკვული წინდები.

განაჩენის წაკითხვისას მოსამართლე სიუზან ევანსმა განაცხადა, რომ უიოტსი გოგონების ნდობას მოიპოვებდა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
“ძალიან კარგად გესმოდათ, რომ ისინი ახალგაზრდები და გულუბრყვილოები იყვნენ. ამიტომაც შეძელით მათი მოტყუება“ – მიმართა მოსამართლემ გასასჯელს.

ბრიტანეთში არ არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ტყუილი სექსზე თანხმობის ანულირებას იწვევს.

თუმცა 2019 წლის ოქტომბერში ბრიტანეთში იურიდიული პრეცედენტი შეიქმნა, როცა მამაკაცი სახელად ჯეისონ ლოურენსი დამნაშავედ ცნეს ქალის გაუპატიურებაში, რომელიც თავიდან თანახმა იყო მასთან ინტიმურ ურთიერთობაზე. სექსის წინ ლოურენსმა მოატყუა ქალი, რომ ის სტერილიზებული იყო და შესაბამისად ქალი არ დაფეხმძიმდებოდა.
მეორე დილით კი გაუგზავნა მესიჯი: “რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. მე ფერტილური ვარ. მაპატიე.“ ქალი დაფეხმძიმდა და აბორტის გაკეთება მოუწია.

ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ლოურენსის ტყუილმთ მსხვერპლის თანხმობა სექსზე ანულირდა.
ჯეისონ ლოურენსმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სიცხადეს შეიტანს საკითხში: რაშემთხვევებში შეიძლება ტყუილმა სექსუალურ ძალადობაში ბრალდება გამოიწვიოს.

ბრიტანეთში უკვე იყო არაერთი ხმაურიანი საქმე, როცა ქალები დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში იმის გამო, რომ ისინი თავს მამაკაცად ასაღებდნენ და მოტყუებით ამყარებდნენ სექსუალურ ურთიერთობებს ქალებთან.

თუმცა, იმ საქმეებში ყველა მსხვერპლი ზრდასრული იყო და არა მოზარდი.