{{ARTICLEIMAGE}}
ბრიტანელი მამაკაცი ჯეკ შეპარდი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის დამნაშავედ ცნეს, თბილისში იმალება – ამ სათაურით ინფორმაციას ბრიტანული მედია უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დღეს ახალი დეტალები ხდება ცნობილი, როგორც რუსთავი 2 – ის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ტელეკომპანიამ შეპარდთან, რომლის პოვნისთვის ჯილდოდ £25 000 იყო დაწესებული, ინტერვიუ ჩაწერა:
“ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ დამნაშავესთან. “კურიერის” ჟურნალისტმა ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა, რომლის დაკავებასაც სკოტლანდ იარდი წლებია, ცდილობს და ამ მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართა.
21:00 საათზე “რუსთავი2”-ზე მაყურებელი ნახავს, როგორ ჩაბარდა “კურიერის” კამერის წინ პოლიციას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული, რა მოხდა სამი წლის წინ შეპარდის იახტაზე და რას ყვება “კურიერთან” ინტერვიუში არაგანზრახ მკვლელობაში ბრალდებული”, იუწყება რუსთავი 2.
რაც შეეხება ინციდენტს, რის გამოც, ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს: 2015 წლის 9 დეკემბერს ახალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით მდინარე ტემზაზე გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად სხვა ადამიანიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.














