ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში

კომპანია “ყაზტრანსგაზის” ინფორმაციით, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, CO-თი ცოლ-ქმარი მოიწამლა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ამ ოჯახში ხმარობდნენ ღია კამერიან, აკრძალულ წყალგამაცხელებელს, რომელიც კომპანიის სპეციალისტებმა ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, მსგავსი დანადგარი აღარ გამოიყენონ.

“ყაზტრანსგაზის” ცნობითვე, სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა კორპუსის სავენტილაციო არხები და კიდევ ერთ ოჯახს აღმოუჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო მიერთებული და საფრთხეს უქმნიდა სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც.

კომპანიის განცხადებით, ამავე კორპუსის ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ შემოწმებაზე უარი თქვა. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ხშირია და მისი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების წესებს არღვევენ სწორედ ის მობინადრეები, რომლებიც უარს ამბობენ გაზდანადგარების შემოწმებაზე, აკრძალული დანადგარების ჩაჭრას კი კომპანიის სპეციალისტები ვერ ახერხებენ, რადგან მათ ბინებში არ უშვებენ

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარებს, რადგან CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია.

31 იანვარს, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი გარდაიცვალა CO-თი მოწამვლის შედეგად. პირველ თებერვალს, თემქის დასახლებაში სიკვდილს გადაურჩა CO-თი მოწამლული ერთი ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი.