{{ARTICLEIMAGE}}
“იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან”, – ამ სიტყვებით განმარტავს მსოფლიო ბანი სანკტ-პეტერბურგში, კონცერტში მონაწილეობის მიზეზს.
“მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა”,ამბობს პაატა ბურჭულაძე.
როგორც ცნობილია, ქართველმა ბანმა და ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ რუსეთში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რასაც კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. კონცერტი 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “”დაისიდან”” ერთ-ერთი არია “ღვინოვ კახურო” შეასრულა. პაატა ბურჭულაძის თანამოაზრეები ოპოზიციური გაერთიანებიდან ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის არასასიამოვნო ფაქტია. პაატა დავითაიას თქმით, შესაძლოა, თავად ბურჭულაძემ არ იცოდა, რომ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, თუმცა ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია მომხდარი ფაქტი. თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ კონცერტის ამსახველი კადრები არ უნახავს, თუმცა ვაშაძისთვის “ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი”.
თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძემ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ მოსკოვში პაატა ბურჭულაძის სიმღერის გამართლება აზიანებს იმ ღირებულებებს და იდეას, რომლისთვისაც იბრძვიან.
მომღერალსა და პოლიტიკოსს ასევე აკრიტიკებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი სალომე სამადაშვილიც: ამ კაცს რა უნდა, ეგებ გაარკვიოს, დროა, პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და “პაკლონზეც” იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი.”
ოპოზიციის გარდა პაატა ბურჭულაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. გია ვოლსკი ამბობს, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, რადგან ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ვოლსკის თქმით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე მოღვაწეობს როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე ქართულ პოლიტიკაში:”კულტურაში, რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს.”ვოლსკის თანაგუნდელის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, ხელოვანი თავისუფალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება,პოლიტიკოსზე კი საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია.
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დააფუძნა. პარტია არჩევნებზე კოალიციის სახელით მონაწილეობდა.
ბურჭულაძის პარტიამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, მას ბარიერის გადასალახად და დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მხოლოდ 1.55% დააკლდა. არჩევნების შემდეგ მან საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კვლავ გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, როდესაც ოპოზიციონერ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს საჯაროდ დაუჭირა მხარი და მის მხარდამჭერ შეხვედრებზეც აქტიურად გამოდიოდა სიტყვით.
ასევე აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძე პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა 2017-2018 წლებში.