“ცალკე მწვადის,ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს“–ნიკა მელია ევროპული საქართველოს ლიდერებს

ნიკა მელია ევროპული საქართველოს ლიდერებს პასუხობს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მისი ქმედებებს აფასებენ და ამ შეფასებებში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.
“საზოგადოებისთვის ცნობილია ოთო კახიძის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ, ოთო კახიძის პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ.
ოთო კახიძეს, რომელმაც პროვოკატორად გამომაცხადა უაპელაციოდ, პასუხი გუშინვე გავეცი ერთ-ერთ პოსტის კომენტარებში და ვინაიდან მეტს აღარ ვაპირებ პასუხი გავცე მათ განცხადებებს, თქვენის ნებართვით გავიმეორებ იმას, რაც გუშინვე მოვახსენე ბატონ კახიძეს.
დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.
ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაოობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას – მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“.დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ.
დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.
მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია – დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!“– ამბობს ნიკა მელია.