ცემდა თუ არა მეფე დედოფალს.დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. საქმე ეხება მეფის მიერ მისი მეუღლის, ანა ბაგრატიონის ცემის სავარუდო ფაქტს, რომელთან დაკავშირებით რეპორტაჟი კურიერმა მოამზადა.

კურიერის ინფორმაციით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი ქმარი,  დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დედოფალმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ცოლის მრავალჯერ ცემისა ფაქტებზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოჯახში ძალადობის შესახებ ანას ადვოკატმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ილაპარაკა.

სამეფო ოჯახები ბოლო ერთი თვეა, ერთმანეთთან სასამართლოში დაობენ. განქორწინების შემდეგ ანა ბაგრატიონი ერთად თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს.