ცესკო ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა  ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ამგვარი ფორმების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან, რითაც დღეს საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.

ცესკო მიუკერძოებელ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს დააკვირდნენ.

„დღეს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას. აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონდებლობასთან, აღიარებულ სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარებებას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.