ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკომ  წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რვავე ოლქში,   არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, სადაც ცესკოს ამ დროისთვის უკვე  ყველა უბნის მონაცემები აქვს დაჯამებული.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. ეს რაოდენობრივად 244 ხმაა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო.

ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო (577 ხმა).

ადიგენში მხოლოდ 1 უბანი იყო გახსნილი, რომლის მონაცემების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი – 29,84 %-მა.

ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე – 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.

ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ლომიძეს კი – 28,68 %.

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე – 19,72 %.

ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.