გიორგი გაბუნიას სკანდალური გადაცემის შემდეგ, როცა მან რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა, ტელეკომპანიასთან საპროტესტო აქციები გაიმართა. ორი დღის მანძილზე იქ მისული ხალხი გაბუნიას გადადგომას, ხან დაჭერას და ხანაც ქვეყნიდან წასვლას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნა რუსთავი2–ის დახურვაც იყო. აქციებზე ნათლად ჩანდა ქართული ოცნების არაერთი ღია მხარდამჭერი, თუმცა კურიერმა გადაწყვიტა გაერკვია, ვინ იყვნენ ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქციაზე რუსთავი2–ის დახურვას ითხოვდნენ. როგორც გაირკვა, დიდი ნაწილი მათ შორის, ვინც აქციაზე იდგა, საჯარო მოხელე იყო. ისინი ჯგუფ-ჯგუფად მიიყვანეს.
ერთ-ერთი, ვინც აგრესიულობით გამოირჩეოდა და „რუსთავი 2-ში” შეჭრით იმუქრებოდა, ბოლნისის მერიის კომუნალური მეურნეობის დირექტორი, შმაგი სვანიძეა. ის ამბობს, რომ აქციის დროს შვებულებაში იყო.
რუსთაველზე გამართულ აქციას კი შმაგი სვანიძე არ დასწრებია. ის აქციის მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ კატეგორიულად არ ეთანხმება.
დგინდება, რომ ბოლნისიდან საჯარო მოხელეები ორგანიზებულად წამოიყვანეს და წინასწარ გააფრთხილეს, ვის, რა უნდა ეთქვა, მათ შორის იყო გიორგი გაბიძაშვილი – ბოლნისის სადეზინფექციო სამსახურის დირექტორი. ის ამბობს, რომ თბილისში შემთხვევით მოხვდა.
აქციაზე მყოფი გიორგი ცხოვრებაშვილი კი ბოლნისის მერიის შპს გამწვანების სამსახურის უფროსია. ბოლნისში ჩასულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ის დაემალა.
აქციაზე იმყოფებოდა ასევე რონალდ ფრუიძე, ბოლნისის სტადიონების გაერთიანებების დირექტორი.
„რუსთავი 2-თან” გამართული აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით „კურიერთან“ საუბარს თავი აარიდა ბოლნისის მერმა.
„რუსთავი 2-თან” ორი დღის განმავლობაში გამართულ აქციაზე საჯარო მოხელეები მარნეულიდანაც იყვნენ. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც აქციაზე აქტიურობდნენ, ტელეკამერის წინ არ საუბრობენ.
გარდა საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებისა, გუშინ “რუსთავი 2-თან” გამართულ აქციაზე ასევე იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე პირები. მაგალითად, აქციაზე იყო ლევან გრემელაშვილი, მეტსახელად „ცეტა“, რომელიც პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული. გარდა ამისა, იყო ვანო სეფიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი ყვარელში, მეტსახელად „ქარიშხალა“.