თამთა თოდაძე, ქალი, რომელიც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ქართული ოცნების დეპუტატს, ჰყვება, რომ იმ დღეს ოფისში, სამუშაო საათებში ილია ჯიშკარიანთან მარტო იყო.
“ეს ყველაფერი ხდება სამუშაო საათებში, კარი არის ჩაკეტილი. ჩამეხუტე, მეუბნება და ამ ჩახუტების მერე იწყებს კისერში კოცნას, მოწიე თავი, მოდი გაკოცო. არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი, მარტოები ვართ, კარი ჩაკეტილია. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, გვერდით ტელეფონი დავინახე, ვეუბნები, იცოდეთ ბატონო ილია, გამიშვით, თორემ ვიღებ. ამას მე ვერ გადავიღებდი წინასწარ ხომ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს რომ ვთქვი, ტელეფონს ხელი დავავლე და ძირს დამაგდო. ტელეფონი გამომტაცა და ხუთჯერ მაინც დაახეთქა ძირს წინა მხრიდან, ძირს დამაგდო. არ დამავიწყდება მისი ქედმაღლური მზერა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის ის მასალები რაზეც მეუბნებოდი? მომაყენა შეურაცხყოფა, დამარტყა ფეხი და ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვცდილობ დავუსხლტე ხელიდან და ამ დროს დაიმტვრა კომპიუტერის მონიტორი, პრინტერი… ჩანთას დავავლე ხელი, გავაღე კარი გამოვრბივარ და ეს ხელი მაქვს ნაკაწრებიანი და სისხლი მომდიოდა, პროკურატურასაც მივმართე რომ ამოვიღოთ ჩანაწერები სადაც სხვა კამერებმა დააფიქსირეს როგორ გამოვრბივარ ოფისიდან.”, – განაცხადა თამთა თოდაძემ TV პირველზე, ვახო სანაიასთან ინტერვიუში.
თამთა ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. მისი თქმით, დილის 3 საათზე დაათვალიერეს ოფისი, როდესაც ყველაფერი შუადღის საათებში მოხდა.