“ჩემი კომპანია სუსი იშიფრება, როგორც სულიერება და სიბრძნე”-განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”, სადაც მისი გათავისუფლების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.
ლევან ჯიბღაშვილი საზოგადოების მხრიდან უარყოფით რეაქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი ცილისწამება გაჟღერდა, მათ შორის მის ბიზნესებზე.
“ამოიღეს ჩემი კომპანიების ჩამონათვალი, სადაც იყო ერთ-ერთი შპს სუსი, ეს კომპანია არის დარეგისტრირებული 2015 წელს, მაშინ როცა უნდა
გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია “სულიერება და სიბრძნე”, ეს ინიციალები რომ ჩავწერეთ ამოვიდა ინიციალები და დაერქვა სუსი. ამავე წელს შეიქმნა სუსის სამსახური და მერე და მერე გახდა პოპულარული”- განაცხადა მსახიობმა.
ჯიბღაშვილი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამის გამო გათავისუფლდა. მსახიობი და ბიზნესმენი ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნაცნობობას, თუმცა აცხადებს რომ მათ ურთიერთობას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობს 0,5659გრ კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) აღმოაჩნდა.
პროკურატურა მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ლევან ჯიბღაშვილი 22 აპრილს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჯიბღაშვილის გათავისუფლება საზოგადოების მხრიდან მალევე შეფასდა, როგორც შერჩევითი სამართლის მაგალითი.