17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
მოზარდის დედა ნინო ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სროლის მომენტში ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ჩემს შვილებს – დათო და ერეკლე ჩეკურიშვილებს ლონდონის ბაღში ძაღლი ჰყავდათ ჩაყვანილი პირბადით და ჯაჭვით. ძმები სკამზე ისხდნენ თავიანთ ძაღლთან ერთად, როდესაც დიტო როსტომაშვილმა თავისი ძაღლი აუშვა, როგორც ყოველთვის აკეთებდა ხოლმე. გაფრთხილებულიც იყო, რომ ეგრე არ ეტარებინა თავისი ძაღლი იმიტომ, რომ ძალიან აგრესიულია სხვა ძაღლებთან მიმართებაში. გამოუშვა ეს თავისი ძაღლი და ჩვენს ძაღლს გლეჯდა. ბავშვებმა ფეხით მოიგერიეს. ფეხი ურტყეს და ძაღლი წკმუტუნით გავარდა. ეს შეხლა-შემოხლა დაახლოებით 5 წუთს ხომ მაინც გრძელდებოდა, ხომ უნდა მოსულიყო პატრონი და გაერკვია რა ხდებოდა, მაგრამ ის შორს იჯდა და სეირს უყურებდა იქამდე, ვიდრე არ დაინახა, რომ ბავშვებმა მისი ძაღლი ფეხით მოიგერიეს. ამის დანახვაზე წამოვარდა და ერეკლეს თვალებში სწვდა – ჩემს ძაღლს ფეხი რატომ ჩაარტყიო – არაბუნებრივი ხმით უყვიროდა თურმე. ამხელა კაცმა ორივე ბავშვს ცემა დაუწყო. შემდეგ იმათაც დაარტყეს, ისე ხომ არ გაჩერდებოდნენ და მოხდა დაპირისპირება. შემდეგ ისინი გამვლელებმა გააშველეს.
ბავშვები სწრაფად ამოვიდნენ სახლში და ეს ამბავი გვითხრეს. ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე დღეს გავარკვევდით. დაახლოებით, ნახევარ საათში, ტანსაცმლის გამოცვლისას ერეკლემ შეამჩნია, რომ ჯვარი დაკარგული ჰქონდა. ბავშვმა იფიქრა, ეტყობა რომ ჩამომკაწრა, მაშინ დამივარდაო. ძმები ჯვრის ამოსატანად წავიდნენ. მამამ მარტო არ გაუშვა, რამე არ მოხდესო იფიქრა და მათ გაჰყვა. ჯვარი რომ აიღეს და მოდიოდნენ, დიტო როსტომაშვილმა მოუარა და მიმავალი მანქანიდან, მამის თვალწინ ჯერ ერთ ძმას ესროლა და მერე – მეორეს.
ეგ ადამიანი ნასამართლევია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება და არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ ამნისტიით არის გამოშვებული ეგ ნაძირალა,“ – განაცხადა ნინო როსტომაშვილმა.