“ჩემი ცოლის დაქალების ბაქარ ორჯონიკიძეში თავისი თავი ამოიცნო“-გუბაზ სანიკიძე ივანიშვილზე

ჩემი ცოლის დაქალების ბაქარ ორჯონიკიძეში თავისი თავი თვითონ ამოიცნო, ჩვენ ხომ არ გვითვამს – ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
„რამდენი ქართული სერიალი გადის დღეს. გადის ერთი – “ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც არის პერსონაჟი ბაქარ ორჯონოკიძე და როგორც ჩანს, თავის თავი ამოიცნო, ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია ეს. ამითი არის უკმაყოფილო და მან ალტერნატივად გამოგვიცხადა, რომ ისტორიულ სერიალებს გადაიღებს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი და ვურჩევ ბატონ ბიძინას. მან უნდა გადაიღოს ისტორიული სერიალი სახელით – 301 ანუ სამასი არაგველი კი არა, არამედ სამას ერთი არაგველი იყო, უბრალოდ, ერთი მძიმედ დაიჭრა იქ და გადარჩა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ეს არის როგორც ჩანს, მარტვილის ციხე-კოშკში დავით აღმაშენებლის აღზრდაში გიორგი ჭყონდიდელი კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი გიორგი ჭყონდიდელის ფსევდონიმით,“ – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძე ასევე პასუხობს ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც „ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი თანაგუნდელები დ გააკრიტიკა.
ივანიშვილმა რამდენიმე გვარი ჩამოთვალა, მათ შორის, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და გუბაზ სანიკიძე, რომლებიც მისი შეფასებით, ენმ-ის მხარს უჭერენ. ეს კი ივანიშვილის თქმით, აჩენს ეჭვს, რეალურად იყვნენ თუ არა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში.
„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!“ – ამბობს ივანიშვილი.
სანიკიძე ამბობს, რომ პირიქით, თავად ივანიშვილი უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ წავიდა ოპოზიციაში.
გუბაზ სანიკიძის აზრით ივანიშვილი ხელისუფლების არჩევნების გზით დათმობას არ გეგმავს, რის გამოც ქუჩაში გამოსვლებს არ გამორიცხავს.
“მინდა შევახსენო, რომ ის გადმოვიდა ჩვენკენ, ოპპოზიციაში, თორემ მანამდე სააკაშვილთან ერთად იყო და მისი ერთ-ერთი მთვარი დამფინანსებელი იყო. ჩვენ საქმე გვაქვს, ძალიან სამწუხაროდ, ფსიქიურ აშლილობასთან და მან სპეციალისტებს უნდა მიმართოს იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის სახიფათოა… ეს კაცი თავისი ხელისულფების შენარჩუნებისთვის ქვეყნის დამაქცევარი შეიძლება გახდეს. ამიტომ, პრობლემა უკვე არ არის ბიძინა ივანიშვილში, პრობლემა არის ჩვენში, ჩვენ რას ვაპირებთ, ყველანი დანარჩენი… საქმე გვაქვს ჩვენ ფსიქიურად აშლილ, გაბოროტებულ ადამიანთან, რომელმაც ომი გაუცხადა მთელ სამყაროს, მარტო ქართველ ხალხს არა. გუშინ მან დააფიქსირა, რომ ქართველი ხალხი თურმე უმადური არის, ანუ ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ნებისმიერ ფსიქიატრს ჰკითხეთ, ეს არის პარანოიის პირველი ნიშანი,” – ამბობს გუბაზ სანიკიძე.