ბიბისი–ს რუსული რედაქცია მომღერალ ნინო ქათამაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ აღარ იმღეროს რუსეთში, მძაფრი რეაქცია და რუსულ სოციალურ ქსელებში განრისხებული კომენტარების ნიაღვარი გამოიწვია.
ინტერვიუში ნინო ქათამაძე ყვება, რამ გადააწყვეტინა სწორედ ახლა რუსეთში გამოსვლაზე უარის თქმა და საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე, რომელსაც მან მხარი საჯაროდ დაუჭირა.
22 ივნისს ქათამაძე მოსკოვში, ფესტივალ “Усадьба Jazz”–ზე გამოვიდა, რომელიც მისი თქმით ბოლო გამოსვლა იყო. 30 ივნისს კი ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსეთში აღარასოდეს იმღერებს, რუსეთს ოკუპანტი უწოდა, ვლადიმერ პუტინს კი საქართველოს, და შესაბამისად მისი მტერი.
Crocus City Hall–ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვში მომავალი წლის მარტისთვის დაგეგმილი კონცერტის ბილეთები ჩვეულებრივად იყიდება და ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ქათამაძეს კონტრაქტის მიხედვით პირსაგამტეხლოს გადახდა მოუწევს.
ნინო ქათამაძე ბიბისისთან საუბარში ამბობს: ეს გადაწყვეტილება 30 მაისს არ მიმიღია.ეს 2008 წელს დაიწყო.
“რუსულ ქართული ომის შემდეგ მივიღე მონაწილეობა აქციაში “ნუ ისვრი!„. იმ დროს მჯეროდა და მჯერა, რომ დიალოგი საუკეთესო ხერხია რომ ადამიანებს პირდაპირ კითხო მათი დამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად ომის, ძალადობის მიმართ. ამიტომაც მივიღე მაშინ გადაწყვეტილება რომ პირდაპირი კავშირი მქონოდა რუსეთში მცხოვრებ ადამიანებთან. ვთვლიდი და ვთვლი, რომ თუ ამ რთულ ნაბიჯს დგამ და მიდიხარ ქვეყანაში, სადაც სხვაგვარად, მათ შორის სრულიად არაადეკვატურად ეკიდებიან შენს ქვეყანას, შენს სამოქალაქო პოზიციას, ეს რამეს უნდა ემსახურებოდეს, სიყვარულის და სიკეთის გაცვლას.
2008დან 2019 წლამდე, მთელი ეს პერიოდი არ წყდებოდა ოკუპაცია, მკვლელობა, ადამიანების წამება, საზღვრების ჩაკეტვა, იმ დროს, როცა ჩემი ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლება ღია იყო ურთიერთობისთვის. ჩავთვალე, რომ მისიამ, რომელიც ჩემს მუსიკას ქონდა მნიშვნელობა დაკარგა. მთავარი პრობლემა მეორე და მესამე პლანზე გადავიდა და საერთოდ აღარ იყო ჩვენს დღის წესრიგში. მე, როგორც მოქალაქეს, როგორც ქართველს არ მქონდა უფლება ჩემი მსმენელის წინაშე ყალბი ვყოფილიყავი და არ გამეთვალისწინებინა ის მოვლენები, რაც აქამდე ხდებოდა. არ შემიძლია სიყვარულზე უსიყვარულოდ ვიმღერო, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.“– ამბობს ნინო ქათამაძე.