ჩემი კომენტარი შეიძლება ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ- ახალი დირექტორი “რუსთავი 2-ში” მივიდა

„რუსთავი 2-ის” ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამ წუთებში ტელეკომპანიაში იმყოფება.  სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომ მას სურს ტელეკომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შეხვდეს.

„გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები და დანარჩენს შეგატყობინებთ“,- განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიამ ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად მოწონს ის პროდუქტი რასაც ქმნის დღეს  ტელეკომპანია, უპასუხა რომ ის თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან.

“ყველანი ადამიანები ვართ ვიღაცას შეიძლება რაღაცა არ მოგვწონდეს ან მოგვწონდეს, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი შეხედულება, ამ შემთხვევაში ჩემ შეხედულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მე არ მინდა ვინმეს ქონდეს ინტერპრეტაციის საშუალება, სწორედ ამიტომ  არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს,  მე მინდა რომ ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ იმაში რასაც აკეთებენ,  ჩემი კომენატრი შეიძლება ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ.”