თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე უარყოფს, რომ მისი დისერტაცია პლაგიატია და იმ ადამიანებს, ვინც თავის საავტორო უფლებებს დარღვეულად მიიჩნევს, მოუწოდებს, სასამართლოს მიმართონ.
მისი თქმით, არ უნახავს ილიაუნის დოკუმენტი, რომლითაც მისი ნაშრომის 34%-ის პლაგიატი დასტურდება, თუმცა დისერტაცია რამდენიმე პლაგიტის ამოცნობ პროგრამაში გაატარა და ის არ დადგინდა.
,,დისერტაცია გავატარეთ პროგრამა Turnitin-ში და დამთხვევა დაფიქსირდა 8%, ეს 8%-იც არის ახსნილი. მეორე პროგრამამ, ვუკუნგმა პლაგიატი საერთოდ არ დაადასტურა. პროფესორი, ვინც თქვენ დაასახელეთ (იაგო კაჭკაჭიშვილი) აპელირებს 34%-ზე, თუმცა ჩვენ საერთოდ არ ვიცით , რას ნიშნავს ეს 34%. პროცენტები არაფერს გვაძლევს, თუ არ ჩავხედავთ შინაარსს”,- აცხადებს შარვაშიძე.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არა პიროვნულად მისი , არამედ უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა, რადგან თსუ-მა ბოლო პერიოდში ბევრ წარმატებას მიაღწია და შესაძლოა, ეს ვინმეს არ მოწონდეს.
,,მე ცოტა სხვა შეხედულების ვარ კოლეგიალობაზე, ამიტომ არ შევალ იმის გარჩევაში ვინმეს აქვს თუ არა პირადი მოტივები. შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუციური მოტივები. შეიძლება ჰქონდეს მოტივი იმისა, რომ ვიღაცას არ მოსწონდეს რა გეზით ვითარდება უნივერსიტეტი. ის გეზი , რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის წარმატების გეზი”,- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ცნობისთვის, თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლებამ და სტუდია მონიტორმა მოამზადა. 21 იანვარს კი, თსუ-ის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შარვაშიძის დისერტაციის 34% პლაგიატია.