ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი – ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს მამამ გააკეთა. კახა ღლონტი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვნის უფლებადამცველმა საქმის პროკურორების წინააღმდე საჩივარი შეიტანა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა თავიდანვე არასწორად და გაყალბებული მტკიცებულებებით წარიმართა.
„ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი. სასამართლოზე პროკურორებმა პირდაპირ ცრუ ჩვენება მისცეს. ამის დამამტკიცებელი საბუთები გვაქვს. აუცილებლად ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როგორც გამომძიებლები, ასევე გამყალბებლები და გამომძიებლები.საზოგადოების დიდი ინტერესი იყო ამ საქმეზე, გახსოვთ, რომ აქციები მიმდინარეობადა მთავრობის ადმინისტრაციასთან. საზოგადოება უნდა დაეწყნარებინათ, ყველაზე დაბალი ღობე კი ჩემი შვილი ნახეს, დაიჭირეს, შეუკერეს საქმე და გაასამართლეს“, – აცხადებს დაკავებულის მამა, კახა ღლონტი.
დ.ღ.-ს ოჯახი და ადვოკატი, საქმის პროკურორების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. არასრულწლოვანი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენებისთვის არის მსჯავრდებული. დაკავებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმე გაყალებებულია, მოწმეების ჩვენებები კი ზეწოლით მიღებული. იმ შემთხვევაში კი თუ საგამოძიებო უწყება მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენს, ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.