ჩემი შვილი და ლევან იზორიას ძმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე აგრძელებს მკურნალობას- ლევან იზორიას დედა

ლევან და ვახო (კიტა) იზორიების დედა გულიკო კვირკველია ამბობს, რომ ინციდენტის დროს, რომელიც გუშინ პოლიციელმა გაასაჯაროვა, მის შვილსა და ლევან იზორიას ძმას ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ის დღემდე აგრძელებს მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

,,აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას”,- წერს კვირკველია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მათმა პარტიულმა ტელევიზიებმა” კარგად იციან, თუმცა მაინც დაიწყეს ტალახის სროლა.

,,მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი.
თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!”,- წერს იზორიების დედა.

გუშინ პოლიციელმა , გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას სამართალდარღვევის ფაქტეზე, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, მას ათავისუფლებენ.