“ჩემმა ამომრჩეველმა მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა”-ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. ამის შესახებ კოსტავამ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა და მიზეზად ამომრჩევლის თხოვნა დაასახელა.

“ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე, ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ” – აცხადებს ნანა კოსტავა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მან რამდენ სალომე ბარკერის  ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და  განაცხადა, რომ მან  ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა  საკრებულოს წევრის კომენტარი.

31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით,  ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და  გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

რაც შეეხება საკრებულოს მანდატს,  მას ოფიციალურად დღეს, 3 ივნისს უნდა დაეტოვებინა, თუმცა გადაიფიქრა.