“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის შეწყალება” – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირების შეწყალების წინააღმდეგია.

როგორც გახარია აცხადებს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმით, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა მორატორიუმი.

“შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთი ძებნილიც იყო.

შეწყალების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალებაზე დროებით მორატორიუმი გამოაცხადა.