ჩინელი ინვესტორები ამერიკულ უძრავ ქონებას ყიდიან

ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნიდან ფულის გადინებაზე კონტროლს ამკაცრებს

{{ARTICLEIMAGE}}

ჩინელმა ინვესტორებმა 1 მილიარდის ღირებულების ამერიკული უძრავი ქონება გაყიდეს. ეს არის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემები. მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების ზეწოლაა, რომელიც კორპორატიული ვალების ზრდის და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქვეყნიდან უცხოური გადინების შეჩერებას ცდილობს.

მსხვილმა ჩინელმა ინვესტორებმა მესამე კვარტალში ამერიკაში მათ მფლობელობაში მყოფი სასტუმროები საოფისე შენობები და კომერციული ფართები გაყიდეს. ამავე პერიოდში Real Capital Analytics –ის მონაცემებით ჩინელმა ინვესტორებმა აშშ–ში მხოლოდ 231 მმილიონი დოლარის ქონება შეიძინეს. 2008 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელებმა ამერიკაში იმაზე მეტი ქონება გაყიდეს, ვიდრე შეიძინეს. ტენდენცია წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და მესამე კვარტალში უკიდურესად გაძლიერდა და მეოთხე კვარტალშიც გრძელდება.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინელმა ინვესტორებმა ამერიკის დიდ ქალაქებში – ნიუ იორკში, ლოს ანჟელესში, სან ფრანცისკოსა და ჩიკაგოში უძრავი ქონების – სასტუმროების, კომერციული ფართების და მიწების შესაძენად ათობით მილიარდი დოლარი დახარჯეს. ზოგჯერ ისინი რეკორდულ ფასსაც იხდიდნენ. მაგალითად, 2015 წელს ნიუ იორკის სასტუმრო Waldorf Astoria ერთ–ერთმა ჩინურმა ჯგუფმა 1.95 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე ამერიკულ სასტუმროში ვინმეს გადაუხდია.

ანალიტიკოსები ზუსტად ვერ პროგნოზირებენ, რა დინამიკით გაგრძელდება ჩინელების გასვლა ამერიკის უძრავი ქონების ბაზრიდან და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ბაზარზე.