ჩინელი ტურისტების ჯგუფი ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დაადასტურა, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტი არ განეკუთვნება კორონავირუსის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევას.
პაატა იმნაძის განმარტებით, ტურისტები არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც ვირუსი არ არის დაფიქსირებული და უხანიდან 1300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, პირებს დააკვირდებიან და შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
საქართველოს პირველი არხი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ ელოდებიან ცხრაკაციანი ჯგუფის მიღებას. კლინიკის ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფი საქართველოში ბაქოდან 25 იანვარს შემოვიდა, ბაქოში კი ჩინეთიდან 21 იანვარს ჩავიდა.