ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში კარანტინში რჩება

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში იმყოფებიან. 3 პირი, რომლებიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრიდან სპეციალური რეისით თურქეთში გადმოაფრინეს, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში დარჩებიან.

თურქულმა მხარემ უხანიდან 42 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით, ყველა მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ისინი ანკარაში სამხედრო თვითმფრინავით და სპეციალური დამცავი ეკიპირებით გადმოაფრინეს.

ამ დროისთვის უხანის პროვინციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათგან ორის ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, ისინი საფრანგეთში გადაჰყავთ. ორი კი საკუთარი სურვილით ჩინეთში რჩება.

ევაკუირებულ მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათ შემოწმება და პირველადი ანალიზები უკვე ჩაუტარდათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მისი თქმით, ეს ადამიანები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

“ახლა განხორციელდა კიდევ სამი მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ორკვირიან დაკვირვებას გაივლიან,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ამ ეტაპზე ჩინეთში საქართველოს 188 მოქალაქეა აღრიცხული.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ შეექმნებათ ჰუმანიტარული პრობლემები.

“ამჟამად დარჩენილია ქალაქ უხანში საქართველოს 4 მოქალაქე, აქედან ორმა გადაწყვიტა დარჩენა, ორი კი ევაკუირებული იქნება საფრანგეთში,”- განაცხადა არჩილ კალანდიამ.