ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაავადებული კი 500-ზე მეტია.
მთავრობამ ქალაქ უჰანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.
ჩინეთის ხელისუფლება მოუწოდებს უჰანის მცხოვრებლებს, არ დატოვონ ქალაქი და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღესაც გააგრძელებს მსჯელობას , გამოცხადდეს თუ არა განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.
კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და აშშ-ში.
სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსი პირველად ქალაქ უჰანში, ზღვის პროდუქტების მარკეტიდან გავრცელდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.