ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.
დიპლომატის განმარტებით, საქართველოს სხვა მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა.
როგორც ელჩი განმარტავს, ჩინეთში სანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩვენი სამი თანამოქალაქე საქართველოში დუბაის გავლით ბრუნდება. ისინი საზღვარზე იგივე პროცედურებს გაივლიან, რაც დაწესებულია.
საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელად არიან. მუდმივ კავშირზე ვართ მათთან როგორც უხანში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს. საერთო ჯამში, ჩინეთში ნორმალური ვითარებაა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი მასშტაბური სანიტარული და უსაფრთხოების ზომების მიღება გრძელდება.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის პრევენციული ზომები, რაც ჩინეთის მთავრობამ მიიღო, შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საქართველოში დაბრუნება სურთ. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება. კონკრეტულად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს. ჩვენც შესაბამის მიმართულებებს ვურჩევთ, მოგეხსენებათ, ჩინეთის მიმართულებით ძალიან ცოტა ავიარეისი დაფრინავს და ცხადია, ეს საკითხს აფერხებს“,-აცხადებს არჩილ კალანდია.