საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აყენებს შეურაცხყოფას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას ბლოკავს.
ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს ელჩს და ეს ყველამ კარგად იცის თავად აშშ-შიც. “ეს კითხვა თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
10 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული სტატია, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.