{{ARTICLEIMAGE}}
ახალი რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები იზრდება. ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ძლიერი პარლამენტის არსებობას მოითხოვს. როგორც ცნობილია, მოქმედი რეგლამენტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ ამ მიზნით, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა განხორციელდა.
“მგონია, რომ 15 წელი დაგვჭირდება და მეთორმეტე მოწვევის პარლამენტი უკვე იქნება ხარისხობრივად ის, რაც მე დღეს წარმომიდგენია ჩემს ქვეყანაში”, ამბობს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ჟურნალ “პარლამენტთან” ინტერვიუში. ის ასევე საუბრობს ოპოზიციის როლზე:
“პარლამენტი მარტო უმრავლესობა არ არის. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ერთმანეთი და ხშირ შემთხვევაში არ მოგვწონს, პარლამენტი ვართ ყველა ერთად. ეს არის მოცემულობა, რეალობა. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო აგრესიული იყო ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ცივილურ გზას ვადგებით, ამის ნიშნებს ვხედავ. მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნა ამის ერთ-ერთი მაგალითია – როგორ დაუთმო უმრავლესობამ ოპოზიციას ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გამოძიება. როდესაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და სხვები პარლამენტში ძალიან დაბალი დოზით არიან წარმოდგენილი, ბუნებრივია, ეს ართულებს ხოლმე თანამშრომლობით გარემოს – ძალიან ძლიერია ერთი მხარე და ძალიან სუსტები არიან დანარჩენები. ამ პარლამენტში ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გადაივლის იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვცვლით საარჩევნო სისტემას – ბევრი რამ იცვლება ქვეყანაში, ნელ-ნელა ჭრელი იქნება პარლამენტი და ერთი პოლიტიკური ძალის ამხელა დომინაცია აღარ იქნება. შესაბამისად, ოპოზიციის როლიც გაიზრდება, ეს გარდაუვალია”.
როგორც ცნობილია, ახალ კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა – მათ შორის: 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. 2019 წლის იანვრიდან პარალმენტი თბილისში დაბრუნდება, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება. ახალი კონსტიტუციით, საქართველო უფრო სრულყოფილ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც პარლამენტს აძლევს საშუალებას, მთავრობის საქმიანობის კონტროლის უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს.