“ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირველად დუმილს არღვევს. ყოფილი პრემიერი “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აკრიტიკებს და უპირისპირდება. კვირიკაშვილი ტელეკომპანია “მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ყოფილი პრემიერი ინტერვიუს პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებით იწყებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე “თანამდებობისთვის ბრძოლას არ აპირებს“.

“აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და თუ გნებავთ, პოლიტიკური პოზიცია მექნება. რაც გამოიხატება იმაში, რომ რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაცა შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნისს, რაც მოხდა ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაცა, შესაძლოა, კიდევ მოხდეს მომავლში და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამდებობა იმიტომ არ დაუტოვებია და პოლიტიკაში იმიტომ არ ბრუნდება, რომ აშანტაჟებენ. ყოფილი პრემიერის თქმით, “ის დაშანტაჟებულ კაცს არ გავს“.

“ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. დაშატაჟებულ კაცს, მემგონი, არა ვგავარ ხო?! ეს ყველაფერი არის სუსტი ადამიანების მოგონილი ძალიან მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. მე ქვეყანას ძალიან პატიოსნად ვემსახურე და დღემდე ასე ვაგრძელებ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კვირიკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებისმიერ ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებლია.

„ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული. ხაზარაძესთან დაკავშიირებით, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის. ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი ზღაპარს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის და მამუკა ხაზარაძე, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

“ეს ისტორია და ზღაპრები, რომ თითქოს, მე და მამუკა ხაზარაძე წელიწად-ნახევრის წინ რაღაცებს ვაპირებდით, ეს არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ, მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ამაში ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არა თუ დაიჯერა, არამედ მთელი თავისი მოქმედებები ააწყო ამ მითებზე“,- ამბობს ყოფილი პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია, რაზეც პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ამასთან, კვრიკაშვილი წყრომას გამოთქვამს იმასთან დაკავშირბით, რომ “ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე განმწესებული წინა რეჟიმის დამნაშავეები ჰყავს.

“ჩემი აზრით, იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის ძალიან დამაზიანებელი “ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი სახელიმწიფოსთვის. მე ყველას ვგულისხმობ, არ მინდა გვარებზე საუბარი. თუკი რაიმე ნეგატივი არსებობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრბდით 2012 წლამდე, ძალიან ბევრი რამ იყო დაკავშირებული იმ სისტემის ყველაზე ცუდ ნაწილთან. მაინცდამაინც ის ცუდი ნაწილი რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენს სახელმწიფოში გადმოაპორტირო ჩემთვის ძალიან რთულად გასაგებია. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა არის. ჩემი აზრით, ეს მითვის, მისი პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის არის, პირველ ყოვლისა, დამაზიანებელი“,- განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პირველი პირის თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დაიკავა და 2018 წლის 13 ივნისს დატოვა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა Unicef -ის კვლევას დაუკავშირა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით გაღარიბდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კვირიკაშვილის გათავისუფელბის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის შურისძიება გახდა, რომელმსაც გიორგი კვრიკაშვილს დამოუკიდებლობა არ აპატია.