„დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდა თაობა არასოდეს მოითმენს ძალადობას, დამცირებასა და ჩაგვრას.
„თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც არასოდეს დაიჯერებს ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ღონისძიებაზე შეკრებილებს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა. გარდა ამისა, მან სიტყვით გამოსვლისას საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა.
„საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ის, რაც ევროპასთან ინტგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვიდრების კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. ხშირად ისმის კითხვები: რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში? არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი? და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის? პირადად ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს, ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს!
ევროპა თავისუფლებასა და ჰუმანიზმზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია. ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას ისტორიულად ახასიათებდა. ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა – მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი. დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის – თავისუფლების და ტოლერანტობის – ცენტრია ევროპა. ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი. ევროპა საქართველოს სახლია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.