ჩვენ არ ვიქნებით იმ ძალასთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება – “თავისუფალი დემოკრატები”

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ  მისი პარტია “ევროპულ საქართველოსთან“ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მერაბიშვილი “ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდება.

“წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ ერთ პოლიტიკურ გუნდში თუ კოალიციაში, ვერ ვიქნებით იმ პარტიასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება. მაგრამ ასეთი მოცემულობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო კოალიცია გვქონდა. არჩევნების დასრულების შემდე, განვაცხადეთ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის “ევროპულ საქართველოთან“ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ფაქტიურად, ჩვენ ერთმანეთს პარტნიორ პარტიებად ვხედავთ“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ დილით „მატროსოვის“ ციხე დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა, მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.