მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ ხელისუფლება მედიის სრულად დამორჩილებას ცდილობს. ბუღაძე ხუთშაბათს საღამოს პარლამენტის წინ გადაცემა “სირცხვილიას“ სტუმარი იყო და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გადაცემა შაბათის შუადღის წამყვანებმა – ლაშა ბუღაძემ, დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ და ქეთი დევდარიანმა რუსთავი2 დატოვეს.
“ჩვენც წმინდა მოქალაქეობრივი თვალსაზრისით და ადამიანურადაც უხერხულად მივიჩნევთ ყოფნას იმ სივრცეში, იმ ტელევიზიაში, რომელიც იქცევა მორიგ ჯიბის ტელევიზიად ამ ხელისუფლების რეჟიმში და ჩვენი დღევანდელი წამოსვლაც არის ერთგვარი პროტესტის აქტი, ჟესტი. პროტეტისა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელიც რაღაც უცნაური ავტორიტარიზმის სახით გვაქვს დღეს საქართველოში. უჩინარი ავტორიტეტის სახით, რომელიც ყველგან არის და არსად. მე ვგულისხმობ ოლიგარქ ივანიშვილს და ამიტომ ჩათვალეთ რომ ეს ჟესტი არის სწორედ მის წინააღმდეგ გადადგმული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გაუდაბნოებული მედიები დღეს საქართველოში, სადაც აღარ ისმის თავისუფალი სიტყვა, კრიტიკული პოზიცია. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეალურად არის ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი. რომლისთვისაც ჩვენ ვხარჯავთ მილიონებს და რაში იხარჯება ჩვენი ფული, ამ ღარიბი ქვეყნის ფული აბსოლუტურად გაუგებარია.
ჩვენ გვაქვს გაუდაბნოებული მაესტრო და ჩვენ გვაქს აბსოლუტურ პროპაგანდისტულ მექანიზმად ქცეული იმედი და შესაბამისად ამ რიგში დგება რუსთავი2–იც სამწუხაროდ და ჩვენ არ გვინდა რომ ამ გაუდაბნოებულ სივრცეში აღმოვჩნდეთ ჩვენც, რაღაცნაირად თავი მოვიტყუოთ და ფასადები ვიყოთ იქ. ამიტომაც ეს არის ერთგვარი პროტესტი ჩვენი ამ საერთო ავტორიტარული ფენომენის წინააღმდეგ.
იქნებ ეს არის აგვისტოს ჯადო, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სანამ ზაფხულია და ადამიანები ზაფხულის გამო მოდუნებულები არიან, მოასწრონ ყველაფერი რაც მოსასწრებია.
არ გამოვრიცხავ, რომ მჩხიბავებმა და დაქირავებულმა თუ დაუქირავებელმა ჯადოქრებმა ურჩიეს, რომ რისი მოსწრებაც გინდა მოასწარი 20 სექტემბრამდე.
ამათ ხომ განცდა გაუჩნდათ, რომ სანამ აგვისტოა და ხალხი წასულია, სიბრაზეც წავიდა. არა მეგობრებო, სიბრაზე არსად არ წასულა.
საბოლოო ჯამში ალბათ ავტოკრატიის ფსიქოლოგია ძალიან ბანალურია. პრინცირპში ის რაც პოლიტიკის ზედაპირზეა ისიც ბანალურია. ავტოკრატის აზროვნება ასეთია: მას აქვს საზოგადოების ინერტულობის, გულგრილობის, სიზარმაცის იმედი, რომ საზოგადოებამ შეიძლება სხვა რაღაც ჩათვალოს ახლა მნიშვნელოვნად და არ ჩათვალოს ახლა მნიშვნელოვნად გაპროტესტება. იმის იმედი აქვს რომ ვიღაცას შეიძლება დაეზაროს უბრალოდ საპროტესტო აქციებზე მოსვლა, რომ საზოგადოება დაიბნევაამდენ სიმართლეში, რომლითაც გვბომბავენ სხვადასხვა მედიებიდან და პროპაგანდისტული სივრცეებიდან, რომ ადამიანები ვერ მიხვდებიან რა არის ახლა დასაცავი. წყენა, რისხვა და აღშფოთება იმ რეალობის გამო, რაც დღეს არის საქართველოში არსად არ წასულა. როგორც კი ხელისუფლება აქ ისე დაინახავს ოც–ოცდაათიათას ადამიანს, ყველაფერს დათმობს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა, „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს.
ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა განცხადება 22 აგვისტოს გაავრცელეს.
მათი თქმით, დღეს არსებული მედიარეალობის გათვალისწინებით, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში:
“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, – აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.