“ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“–კალაძე რუსთავი2–ის საქმეზე

„ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ – ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას სარჩელის შესახებ და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ – განაცხადა კახი კალაძე.
სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.