“ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა”-ილია მეორე

“ჩვენ უფრო ვთხოულობთ, გვავიწყდება მადლობის თქმა”, –  განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ქადაგებისას.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში,დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ იქადაგა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, რასაც ჩვენ ვთხოულობთ, ის არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის და აი დღეს, როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. თქვენ მოისმინეთ ყურადღებით და მადლობა შევწიროთ ღმერთს. დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო“, – განაცხადა ილია მეორემ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია  დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

წირვის შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა.

ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, დიდ ხუთშაბათს ფეხი დაბანა.