“ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს,ეს ქართული პოსტი უნდა მოიხსნას”-განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.
საოკუპაციო ხაზთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი მურატ ჯიოევმა sputnik-ossetia.ru-სთან გააკეთა.
„ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს ქართული პოსტი, რომელიც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოსულა დათმობაზე. მათი არგუმენტები პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ისინი როგორც ამბობენ, სოფლის მცხოვრებლების უსაფრთხოებას იცავენ, მაშინ ეს პოსტი თავიანთი სოფლის ტერიტორიაზე განათავსონ. რა შუაშია აქ წნელისი“, – განაცხადა ჯიოევმა.
ჯიოევის განცხადებით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ფორმატში.
“გარდა ამისა, ჩვენ შევთანხმდით, რომმორიგი შეხვედრა მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება,ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ორშაბათს საღამოს გაიმართება. ქართველებმა სხვა ვარიანტებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, თვით ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“-, განაცხადა ჯიოევმა.