“ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში”-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, ახალი მოძრაობის, “ლელოს” დაფუძნების პრეზენტაციაზე განაცხადა. ხაზარაძემ მოძრაობის სტრუქტურაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული.
მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ თარიღებს დავასახელებთ, ჩვენ კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით აი ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია.
ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასაარჩენია.
ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს, მას ამის გაკეთება შეუძლია. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო.
მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველგან, მიმოვიხედოთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარეშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის”, – თქვა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.