“გრძელდება ჩვენი დევნა. სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია. ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ჩვენს მიმართ წყენებული ბრალი არის სრულიად აბსურდული ცილისწამება. ის შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადებას და მის დადანაშაულებას.
გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის წაყენებაში, ის დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ. მისი ხელდასმით ხორციელდება ეს. თვითონ იმ ფაქტით, რომ ამის შემდეგ უნდა სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ, უკვე ნათელია რა აბსურდთან გვაქვს საქმე.
ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა. ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისათვის.“–განაცხადა თიბისი ჯგუფის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ჯაფარიძის და ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა. კორძაძე პროკურატურაში დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.
ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მწვავე განცხადებები გააკეთა მამუკა ხაზარაძემ:
“მინდა გითხრათ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ჩემი და ბადრის ცხოვრების და ბიზნესმოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, ჩვენი პარტნიორები.
შემიძლია ღმერთის და ხატის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს რომ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების, რაც გუშინ გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.
მინდა მივმართო ოცნების ახალგაზრდა წევრების ნაწილს, ვინც განათლება უცხოეთში მიიღო. დახარჯა ოთხი წელი დემოკრატიის, მართლმსაჯულების სწავლაში და ქონდათ სურვილი თავის ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ.ჩვენ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ მაშინ, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს ის ნაწილია პარტიის თუ მოძრაობის, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა.
მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება ეს სახელმწიფო ნახეთ თქვენ იმ ქვეყნებში? და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ და ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? შერჩევითი სამართალი.
კიდევ ვიმეორებ, არაფერს არ ამოვფარებივარ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.
რაც შეეხება ანაკლიას:
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში ე.წ. მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენების სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის , საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ.არის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, მოვუწოდებ მათ, რომ არაფერი არ გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით.
დღევანდელი ბრალი წაყენებული ჩვენ მეგობარზე, ავთო წერეთელზე არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლებისგანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით, იგი არც დირექტორი იყო ამ კომპანიების, არც მეწილე. საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლაზე, რომ მან თავისი ოჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი, ან ძალიან მცირე დარჩენილი მედიისგან მივიღოთ გაუგებარი რამ. ტვ პირველი არ არის წერეთლების ოჯახის დიდი ხანია. ტვ პირველი არის მთელი საქართველოსი ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ნებისმიერი მეთოდებით. იმიტომ რომ დღეს უკვე მთელი სცენარი გაშიფრულია.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს იქნება ის ხალხი, ვისაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება, ვისაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. იქნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის.“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.