ჩვენ რომ ვიყოთ დროშის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ მთავარი ღირებულება- ქრისტიანობა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დროშის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ დროშის ღირსი რომ ვიყოთ, მას უნდა დავუბრუნოთ მთავარი ღირებულება – ქრისტიანობა.

,,პირველ რიგში, ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში… ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით”,- აცხადებს ზურაბიშვილი.

მან ახალგაზრდებსაც მიმართა და სახელმწიფო დროშის პატივისცემისკენ მოუწოდა. ,,მე მინდა ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა. ქვეყნის პატივისცემა და იმ ღირებულებების და ფასეულობების, რომლითაც მოდის ეს ქვეყანა”,- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.