ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო – ესტონეთის საელჩო

საქართველოში ესტონეთის საელჩო პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში. როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.

რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.

აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათმა ნაწილმა მძიმე დაძიანებები მიიღო. რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გამთენიისას აქციის მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ საიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.