„ ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“- ილია მეორე

„ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“ – ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

პატრიარქმა ქადაგებისას, წინაპრების ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სულიწმინდა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მათი გადმოვიდეს ჩვენზედა. დღეს მრავალი პრობლემების წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე ვართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვე სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით და აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს დასჭირდება მადლი ღვთისა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ის სიწმინდე ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს უფალი, უნდა შევინარჩუნოთ.

“ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი დაიფარავს, დაიცავს და გადაარჩენს საქართველოს,“ – განაცხადა ილია მეორემ.